აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს განცხადებით მიმართა და მოწმეების დაკითხვის ოქმები წარუდგინა.
From.ge რუსუდან შარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ მამაჩემის - გურამ შარაძის მკვლელობის პირველივე წუთიდან უნდობლად ვიყავი განწყობილი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რადგან კარგად ვიცნობ გიორგი ბარათელს - პიროვნებას, რომელიც მკვლელობისთანავე იქნა დაკავებული, როგორც საქმეში ეჭვმიტანილი. ვიცოდი, რომ მას და ჩემს ძმას - გიორგი შარაძეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთმანეთი თვალით არ უნახავთ და ბარათელს მის მიმართ ვერც ძველი წყენა ჩარჩებოდა გულში. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსია შეთითხნილი იყო. საყოველთაოდ ცნობილია მაშინდელი ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება გურამ შარაძის მიმართ და ის ზიზღი, რომელსაც ისინი იჩენდნენ ხელისუფლებაში მოსვლამდეც, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ მამაჩემი ორჯერ დააპატიმრეს. ჩემი ვარაუდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ზეწოლას მოახდენდა გამოძიებაზე და ის არ ჩატარდებოდა ობიექტურად, დროთა განმავლობაში ფაქტებით გამყარდა.
ფაქტებში ვგულისხმობ თვითმხილველებს, რომლებიც მკვლელობიდან მალევე დამიკავშირდნენ და მიამბეს საკუთარი თვალით ნანახი. ვგულისხმობ, აგრეთვე, ე.წ. "ალდაგის" ფირს, რომელზეც აღბეჭდილია 2007 წლის 20 მაისს მომხდარი გურამ შარაძის მკვლელობა.
გთხოვთ, დაკითხოთ მოწმეები, რომელთა გამოკითხვის ოქმები შეადგინა ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ და თან ერთვის ჩემს ამ განცხადებას. სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებს, ამ დღეებში და შემდგომშიც, კიდევ შემოვიტანთ თქვენს უწყებაში - საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
ამასთან, გთხოვთ, ჩატარდეს ე.წ. ,,ალდაგის'' ფირის (რომელიც იდო მკვლელობის საქმის მასალებში) ექსპერტიზა იმისთვის, რათა დადგინდეს ფირზე გამოსახულ პირთა ფიზიკური მონაცემები, რაც რადიკალურად განსხვავდება მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელის ფიზიკური მონაცემებისგან. ამით დადასტურდება, რომ გიორგი ბარათელი, მკვლელობის მომენტში, საერთოდ არ იმყოფებოდა მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მოხდა ეს მკვლელობა.
გთხოვთ, აგრეთვე, დაკითხოთ მოქალაქე გიორგი ჩიხლაძე, რომელმაც გასული წლის 22 სექტემბერს თავისი ადვოკატის - ედიშერ ქარჩავას პირით (რადგან თავად იმ დროს პატიმრობაში იმყოფებოდა) გაამჟღავნა თუ როგორ ემუქრებოდა პირადად დათა ახალაია. კერძოდ, ახალაიამ უთხრა: "მე როგორც დავგეგმე და გავასაღე გურამ შარაძე, ისე გაგასაღებ შენცო". ერთი თვის შემდეგ, გლდანის N8 საპყრობილეში, პატიმარმა გიორგი ჩიხლაძემ ადვოკატ მამუკა ნოზაძესაც იგივე განუცხადა და დაუმატა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენების მისაცემადაც მზად არის. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩიხლაძე არის ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი და მისი თქმით, დააპატიმრეს და პირადად დათა ახალაიამ აწამა იმისთვის, რათა მისგან მიეღო აღიარებითი ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილზე.
საყურადღებოა, რომ მამაჩემის მკვლელობისთანავე, ადგილზე მყისიერად გაჩნდა შოთა ხიზანიშვილი (წარმოდგენილი ფოტო ამოღებულია ტელეკომპანია ‘’იმედის'' 2007 წლის 20 მაისის გადაცემა "დროების" სიუჟეტიდან). ფოტოზე გამოსახულ მომენტში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ტელეკამერების წინ იძლევა ინტერვიუს და ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ესროლა გიორგი ბარათელმა გურამ შარაძეს. იგივე განაცხადა პატრულის მეორე თანამშრომელმა - ლევან ბოჭორიშვილმა. ამიტომ გთხოვთ, ამ საქმეზე დაიკითხონ აღნიშნული პირები: შოთა ხიზანიშვილი, რობერტ პანიევი და ლევან ბოჭორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბარათელი ზეწოლაში ადანაშაულებს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის პროკურორს - გიორგი ჩივიაშვილს, რომელმაც, ბარათელის თქმით, სასჯელის მისჯის შემდეგ განუცხადა: "შენს უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვერაფერში დაგეხმარები, ხანგრძლივ პატიმრობაზე ბრძანება ზემოდან მოდისო".
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მკვლელობა განხორციელდა ორი იარაღით და საქმეშია ორი მკვლელი. ერთ-ერთმა, მას შემდეგ, რაც მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა, აირბინა აკაკი შანიძის ქუჩაზე და ის უამრავმა ადამიანმა დაინახა. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩის მაცხოვრებლებიდან გამოძიებას არავინ დაუკითხავს.
ვფიქრობ, ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ფარდა უნდა აეხადოს გურამ შარაძის მკვლელობას და გამოაშკარავდეს სიმართლე. ამიტომ მსურს, მივცე სრულყოფილი ჩვენება. გთხოვთ, დამკითხოთ.
და ბოლოს, გთხოვთ, მცნოთ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იმისთვის, რომ მქონდეს პროცესუალური უფლებები“,- ნათქვამია რუსუდან შარაძის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში