საქართველოს აღმშენებლობა სწორედ სიყვარულით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე განაცხადა. "ფეისბუქზე", ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ მიღების ამსახველ ვიდეომასალზე ჩანს, რომ პრემიერის ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უერთდება.
"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ახლა დადგა ახალი წელი. მე ვისურვებდი, რომ 2013 წელი სიყვარული წელი ყოფილიყოს საქართველოში. ეს ყოფილიყოს ჭეშმარიტად გაგრძელება იმ გზისა, რომელიც დააფუძნა მისმა უწმინდესობამ და რომელმაც მოახერხა სასულიერო ცხოვრებაში ჭეშმარიტად დიდი აღმშენებლობა და დიდი სიყვარული დაეფუძნებინა. ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება ავიტაცოთ ის დიდი სიყვარული, რომელიც გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პატრიარქმა ძალიან დიდი აღმშენებლობა მოახერხა თავისი მოღვაწეობის პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო წლებში.
"ასეთ მოკლე დროში ჩვენს ქვეყანაში ამდენი ეკლესია არ აშენებულა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იგივე გრძნობით, დიდი სიყვარულით აღმშენებლობა დავიწყოთ ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ.