სასტუმრო "რედისონში" სისხლის სამართლის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფის სხდომა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა.
მინსტრის მოადგილემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებს ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, საუბარია სამ პაკეტზე, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს ადვოკატის უფლებების გაზრდას და რეალური შეჯიბრებითობის მიღწევას.
"უნდა აიკრძალოს ის, რომ აქამდე დაცვის მხარეს არ ჰქონდა უფლება შუამდგომლობით მიემართა ჩხრეკის და ამოღების შესახებ. ახლა შეუძლია მიმართოს სასამართლოს ამგვარი შუამდგომლობით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამით მიღწეული იქნება რეალური შეჯიბრებითობა, რომელიც დეკლარირებულია მოქმედ კოდექსში", -განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისი თქმით, აღსანიშნავია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოება და ახალი რეგულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში შეუძლია ბრალდებულს უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. მისი თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოისმენენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებს.
როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, სისხლის სამართლის კოდექსი ისეთი ბუნდოვანი იყო, რომ სასამართლოს მიერ ხდებოდა ინტერპრეტირება დაცვის მხარის საზიანოდ.
"დღევანდელ კანონპროექტში არის მითითებული კონკრეტულად, რომ მაგალითად დაცვის მხარეს, ისევე, როგორც ბრალდების მხარეს, აქვს მტკიცებულებათა მოპოვების და ამოღების უფლება. ადრე რომც გვცოდნოდა, რომ უტყუარი მტკიცებულება დევს სადღაც, დაცვის მხარეს არ ქონდა უფლება პირადად ამოეღო და ამ საკითხზე სასამართლოსთვის დახმარებისთვის მიემართა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.