შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ასევე ყოფილ ვიცე-მერს შოთა ხიზანიშვილს ამნისტია ეხება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამ წლამდე პატიმრობა, ან ჯარიმის გადახდა დაეკისრება.
ხიზანიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონით, ხიზანიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც კერძო კომუნიკაციების საიდუმლოს დარღვევას გულისხმობს, ეხსნება.
ადვოკატის ცნობით, მას მხოლოდ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით რჩება ბრალდება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,ამნისტიის კანონის დამტკიცების შემდეგ, ხიზანიშვილს 158-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება უნდა შეუწყვიტონ და რაც დარჩება, იმით გავაგრძელებთ საქმის წარმოებას”,- აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი.
შოთა ხიზანიშვილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი 14 თებერვალს არის ჩანიშნული.
შოთა ხიზანიშვილი 2012 წლის 15 ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
,,2012 წლის 26 სექტემბერს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია "ქართული ოცნებიდან", რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერთა მიმართ. ბექა კვარაცხელიამ შეარჩია ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამოდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, დააკოპირა ისინი შესაბამის დისკებზე და დისკი 2012 წლის 26 სექტემბერს საღამოს საათებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რის შემდეგაც შოთა ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დილით, 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო საუბრები, რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა "იუთუბის" ვიდეო პორტალზე ისეთი სახით თითქოს ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის - ბესარიონ სურმავას მიერ. კუდის თანამშრომლებმა მომხმარებლად დაარეგისტრირეს ბესარიონ სურმავა რის შემდეგაც მოხდა შოთა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა. ასეთი წესით მოხდა 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს ქართული ოცნების სხვადასხვა წევრთა საუბრების გამოქვეყნება, რომელიც ხდებოდა შოთა ხიზანიშვილის მითითებით”, - აღნიშნულია პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში.