გვინდა, რომ მთავრობამ საქმეს მიხედოს და იმაზე საუბარს თავი დაანებოს - როგორ ვუშლით ჩვენ ხელს.
ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე თენგიზ გუნავას წარდგენისას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება ამჟამინდელს ხელს არაფერში უშლის.
პრეზიდენტის მტკიცებით, მისი გუნდი არანაირ პოლიტიკურ კრიზისს არ აწყობს.
„გვინდა, რომ მთავრობამ აკეთოს საქმე, ეკონომიკასა და ხალხს განვითარების საშუალება მისცეს, ხალხს ხელი გაუმართოს, პროექტები გააგრძელოს და საქართველოს შემდგომ პერსპექტივას მიხედოს. ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდე და ეს არის მომავალშიც. აქამდე ყველას აწუხებდა კითხვა - განვითარდებოდა თუ არა საქართველო უფრო ჩქარი ტემპით. დღეს კი, სამწუხაროდ კითხვის დასმა გვიხდება - გადარჩება თუ არა ის, რაც უკვე იყო. ჩვენ ამ კითხვას ვსვამდით რამდენიმე წლის წინ. კითხვების დასმის კუთხითაც კი 90-იან წლებში დავბრუნდით და მინდა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყოს და წარსულთან პაემანი, რომელსაც თავს ახვევენ საზოგადოებას დავასრულოთ“, - დასძინა პრეზიდენტმა.