საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პანამაში მყოფი ქართველი მეზღვაურები საქართველოში 25 და 26 დეკემბერს, ორ ეტაპად დაბრუნდებიან.
როგორც ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, 25 დეკემბერს სამშობლოში 8 მეზღვაური, 26 დეკემბერს კი, კიდევ ოთხი დაბრუნდება.
„ასე რომ, მათი საკითხი მოგვარებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება იმისთვის, რომ ეს ხალხი ჩამოსულიყო“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში სტამბულის რეისით დაბრუნდებიან.
პანამის არხში, ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება, მათგან 12 ქართველი მეზღვაურია. „მარია დელ კარმენ 2“ უკვე 3 თვეა, პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგას. გემი 42 წლისაა და სიძველის გამო ამორტიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ამის გამო გემს ნაოსნობის უფლებას არ აძლევს.