ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ღრმადაა დარწმუნებული, რომ ევროკავშირის მიერ, საქართველოსთვის დამატებით გამოყოფილი, 22 მილიონი ევრო, ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას მოხმარდება და ამ თანხის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება.
გიორხელიძის განცხადებით, მეგობარი ქვეყნების მიერ, გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მხოლოდ ბოლშევიკური წარსულის მქონე ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს და აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობის პირობებში, თანხების გაფლანგვის საშიშროებას არ ელის.
„ვფიქრობ, ევროპა კარგად აცნობიერებს საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობას. შესაბამისად, რაც უფრო გააქტიურდებიან, უკეთესი იქნება. ცხადია, გამოყოფილი თანხები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თანხები არაა მთავარი. მთავარია, მათი მხარდაჭერა საქართველოს მცდელობისა ჩამოყალიბდეს, როგორც განვითარებული, ცივილიზებული სახელმწიფო დემოკრატიულ საწყისებზე და ჰქონდეს უმჭდიდროესი კავშირი ევროპასთან. ამიტომ, წინა წლებში, ევროკავშირის აქტიურობა შეიძლება არასაკმარისი იყო, ახლა კი, მისასალმებელია, რომ ევროკავშირი გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან კონტექსტში მოქმედებს და სასურველია, ეს კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გაგრძელდეს“,- განაცხადა გიორხელიძემ.
რაც შეეხება, შეკითხვას, არსებობს თუ არა ამ თანხის არამართლზომიერად ხარჯვის საშიშროება, ექსპერტი ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ თანხის გაფლანგვის საშიშროებას არ მოელის.
„თავისთავად, მეგობარი ქვეყნების მიერ, გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა მხოლოდ ბოლშევიკური წარსულის მქონე ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს, რადგანაც სიმართლე გითხრათ, უზნეობაა შენი ქვეყნის მოსაწყობად გაჩუქონ თანხა და შენ ადგე და ჯგუფური ინტერესებიდან გამომდინარე, სადღაც გაფლანგო. წინა მთავრობასთან ასეთი ბრალდებები იყო, თუმცა არამგონია, დღევანდელ მთავრობას და მის მეთაურს, სხვისი ფული რაიმეში სჭირდებოდეს ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თანხების ხარჯვა გამჭვირვალე იქნება და იმ საქმეს მოხმარდება, რა საქმისთვისაც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიგზავნეს. ამიტომ არ ველი საშიშირობას, რომ თანხები გაიფლანგება“, - განაცხადა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოსთან თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ეს შეხვედრა უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველომ და ევროკავშირმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ უკვე გავიარეთ ასოცირებული შეთანხმების მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, გვაქვს აშკარა პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და სავიზო რეჟიმის მოხსნის დიალოგში. გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ეს ინტეგრაციის პროცესი, იმის გარანტიებით, რომ საქართველო იქნება მონდომებული პარტნიორი და იგი დაიცავს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ჩვენ ვაფასებთ ახალი მთავრობის მზაობას განაგრძონ ასეთი კურსი“,- განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, ევროკავშირი საკუთარი პოლიტიკის ერთგული რჩება, „მეტი მეტისთვის“ და საქართველოსთვის დამატებით 22 მილიონ ევროს გამოყოფს.
„იმის ნიშნად, რომ ვაცნობიერებთ მათ მიერ რეფორმების გატარების მცდელობას. კარგი იქნება, თუ შევძლებ, იგივე მომავალ წელსაც გავიმეორო“,- განაცხადა ფულემ.