თბილისის მეტრო მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობს. ამის შესახებ თბილისის მეტროპოლიტენის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ბესიკ ხარატიშვილმა დღეს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების" გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
ხარატიშვილის თქმით, მეტროპოლიტენში დასაქმებულების უკმაყოფილებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელფასების მატების სქემა იწვევს, რომელიც არასამართლიანია. მისი თქმით, მეტროპოლიტენში დასაქმებულ დაბალხელფასიან თანამშრომლებს ხელფასი 30%-ით ეზრდებათ, ხოლო მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეებს მხოლოდ ფიქსირებული ყოველთვიური სახელფასო დანამატის 30 და 38 ლარის ოდენობით მიეცემათ.
ამასთან, ხარატიშვილის თქმით, მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეთა მდგომარეობა გათვალისწინებული არც ივლისში ხელფასების მატების დროს იყო.
გარდა ამისა, მეტროპოლიტენის პროფკავშირები მოითხოვს, რომ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა სამუშაოზე აღდგენა, ასევე წარმოებაში აღდგეს თანრიგები და კლასები, რომელიც ექვსი წლის წინ იქნა გაუქმებული.
ხარატიშვილის თქმით, კლასი და თანრიგი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია და ხელფასების მატება, სწორედ ამ ნიშნის მიხედვით უნდა მოხდეს.
დღეს გამაფრთხილებელი წერილი თბილისი მერს გიგი უგულავას, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ლევან კოპლატაძეს გადაეგზავნება, ხოლო ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევვაში, გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება.
ხარატიშვილი არ გამორიცხავს, რომ გაფიცვამ ფართო მასშტაბები მიიღოს.