ქართველი მეფეების - ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ცხედრების ნაწილების ასტრახანიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქ კირილის დავალებით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
გამოცემა „იზვესტიას" ინფორმაციით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას ამ საკითხის სწრაფად გადაწყვეტის იმედი აქვს. რუსული მხარე კი პრობლემის მოგვარების კონკრეტულ ვადებს ჯერ ვერ ასახელებს.
გამოცემის ცნობით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი ცხედრების საქართველოში გადასვენების თხოვნით რუსეთის პატრიარქმა კირილმა და რუსეთის პრეზიდენტმა ნოემბერში მიიღეს.
როგორც „იზვესტიასთან" საუბარში რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვი აცხადებს, პატრიარქ კირილის დავალებით შექმნილია ორმხრივი კომისია, რომელიც მეფეების ცხედრების გადმოსვენების შესაძლებლობას განიხილავს.
„კომისიის პირველი სხდომა 13 დეკემბერს გაიმართა. შესასწავლია დიდი რაოდენობით ისტორიული და არქეოლოგიური მასალა. ნათლად უნდა დადგინდეს თავად ქართველი მეფეების ნება" - აღნიშნავს ბალაშოვი.
მისივე თქმით, დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია.
„საუბარი იმაზე, რომ კომისიის წევრების პირველი შეკრება საკითხს გადაწყვეტს, ნაჩქარევია. კომისიის მომდევნო სხდომა მაშინ გაიმართება, როდესაც სრულად შევისწავლით მტკიცებულებებს, რომელიც აქვთ მეცნიერებს თუ საეკლესიო მოღვაწეებს. გარდა ამისა, აუცილებელია მეფეების ცხედრების ნაწილების გამოკვლევა და იდენტიფიკაცია" - აცხადებს ნიკოლაი ბალაშოვი.