თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად, ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები დაიკითხნენ.
სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით 28 დეკემბერს გაგრძელდება.
დაკითხვა ოფიციალურ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის მიხედვით, 2011 წლის მაისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, მიწაში ჩაფლული იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
აღნიშნული მასალის ექსპერტიზა ჩაატარა ოთხმა მოწმემ, რომლებიც სასამართლოზე დღეს დაიკითხნენ.
სასამართლო პროცესის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, საბრძოლო მასალა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იყო ჩაფლული მიწაში და ამ ხნის განმავლობაში 20 დღე წვიმდა, არ იყო სველი და ტალახიანი. ადვოკატის თქმით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს,რომ საქმე „შეკერილია“.
„ერთი თვე მიწაში ნახევარი მეტრის სიღრმეზე დაფლული საბრძოლო მასალა მოწმეების ჩვენებების მიხედვით, არც დასველებულა და არც ტალახიანი იყო. ეს კი მეტყველებს, რომ საქმე უცბად „შეკერეს“, - განაცხადა კორძაძემ.
მისივე თქმით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებებიდან გამოვლინდა ისიც, რომ საბრძოლო მასალიდან მჭიდები, ტყვიები და იარაღი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბრალდების არარეალურობას.
ამასთან, დღევანდელ პროცესს აღარ ესწრებოდა ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც წინა პროცესებზე იღებდა მონაწილეობას.
კორძაძის განცხადებით, დაცვის მხარის მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ აღნიშნული პროკურორი ჩამოშორებოდა საქმეს, რაც დადებითად გადაწყდა. პ
როკურორის პროცესისთვის ჩამოშორებას დაცვის მხარეს იმიტომ ითხოვდა, რომ აღნიშნული პროკურორი მონაწილეობდა გამოძიების პროცესში.
სასამართლო პროცესს ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, ექვსი ბრალდებული ესწრებოდა. საქმეში სულ რვა ბრალდებული არსებობს. შვიდი მათგანი დაკავებულია, ერთი კვლავ ძებნაში იმყოფება.
ირაკლი ოქრუაშვილსა და მასთან ერთად განსასჯელ შვიდ პირს ბრალად ედებათ 2011 წლის მაისში შეიარაღებული ფორმირების შექმნა. ოქრუაშვილს ბრალად ედება ამ დაჯგუფების მეთაურობა, დანარჩენ პირებს კი, მასში მონაწილეობა.