„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საერთო სასამართლოების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილსა და ვახტანგ ხმალაძეს ღია წერილით მიმართავს.
წერილში ნათქვამია, კოალიცია მხარს უჭერს მიმდინარე სასამართლო რეფორმას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ამასთან, კოალიციას მიიჩნევენ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ასახავს მათ მიერ მომზადებულ კვლევაში - „მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში" ასახულ რეკომენდაციებს.
„კანონპროექტის დიდი ნაწილი ემსახურება ინდივიდუალური მოსამართლის როლის და მოსამართლეთა კონფერენციის რეალურ გაძლიერებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდისთვის. კოალიციას ჰქონდა შესაძლებლობა კანონპროექტის ინიციატორებისთვის გაეზიარებინა თავისი ხედვა ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ საკითხებზეც, რომელზეც კოალიციას კანონპროექტის ინიციატორებისგან განსხვავებული პოზიცია გააჩნია. აღნიშნული საკითხები შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობაზე დაწესებულ შეზღუდვას კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეებისთვის და ასევე, გარდამავალ პერიოდს და საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. კოალიცია მიიჩნევს, რომ ძალაუფლების კონცენტრაციისა და ჭარბი ადმინისტრირების ფუნქციების მცირე ჯგუფის ხელში თავმოყრის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია გარკვეული შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც მათი სტატუსიდან გამომდინარე ბუნებრივად ფლობენ სხვადასხვა ბერკეტს სასამართლო სისტემის შიგნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამართლებულად შეიძლება იყოს მიჩნეული სასამართლოს თავმჯდომარეებსა თუ თავმჯდომარის მოადგილეებზე წარმომადგენლობით ორგანოებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა, რადგანაც ამ თანამდებობის პირებს გააჩნიათ ადმინისტრაციული ფუნქციები კონკრეტული სასამართლოს მართვის პროცესში. თუმცა, მათგან განსხვავებით, კოალიცია რისკის შემცველად არ მიიჩნევს კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეების მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, რაც უპირველესად მათი ადმინისტრაციული ფუნქციების არარსებობიდან გამომდინარეობს. ამის გათვალისწინებით, კოალიცია ფიქრობს, რომ საპარლამენტო განხილვების დროს, კანონპროექტიდან ამოღებული უნდა იყოს შეზღუდვა კოლეგიებისა და პალატის თავმჯდომარეებზე" - აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტების არსებული წესი არაჯანსაღია და რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობის შეთავსება მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში გადაჭარბებული ძალაუფლების კონცენტრაციასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.
„თუმცა, ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება შემადგენლობის განახლება მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს კანონის ცვლილებით დადგენილ კრიტერიუმებს. ამასთან, იმ წევრს, რომელსაც არ შეეხება ახალი კრიტერიუმები, უფლებამოსილება უნდა გაუგრძელდეს მისი უფლებამოსილების ვადით. აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სისტემის სტაბილურ განვითარებას, ადმინისტრირების პროცესის უწყვეტობას და ასევე შექმნის ჯანსაღ დამოკიდებულებას რეფორმის პროცესის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის წევრ-ორგანიზაციებს აქვთ დამატებითი მოსაზრებები კანონპროექტის ზოგიერთ დებულებასთან დაკავშირებით, კოალიცია ერთსულოვნად მხარს უჭერს ამ განცხადებაში გამოთქმულ პოზიციებს. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას მიმდინარე სასამართლო რეფორმის მიმართ და გამოვთქვამთ მზადყოფნას რეფორმის შემდგომ ეტაპზეც ჩვენი წვლილი შევიტანოთ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების პროცესში",- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის თავმჯდომარე" დავით ასათიანი და მისი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.