დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად, ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.
სასამართლო სხდომების ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.
10 დეკემბერს გამართულ პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა.
ზვიად კორძაძის განმარტებით, შედეგად დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის მოწმეებს გამოძიების პროცესში კოპირებული ჩვენებები ჰქონდათ მიცემული.
მისივე თქმით, გაბათილდა ბრალდებაც, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან იარაღის სამალავს უკავშირდებოდა.
სასამართლო პროცესზე დაიკითხა შიდა ქართლის კონტრდაზვერვის სამსახურის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ზურაბ ვანიშვილი და გიორგი დავითაშვილი. დავითაშვილის ჩვენებას 10 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დარბაზში ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დარბაზიდან დაითხოვეს ყველა დამსწრე პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ირაკლი ოქრუაშვილს და 7 პირს ბრალად წაყენებული აქვთ შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა, ყოფილ თავდაცვის მინისტრს კი ამ დაჯგუფის მეთაურობა.
გამოძიება მათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახავა-ტარებასაც ედავება.