შტეფან ფულე: საქართველოსთვის ევროკავშირი დამატებით 22 მლნ ევროს გამოყოფს

შტეფან ფულე: საქართველოსთვის ევროკავშირი დამატებით 22 მლნ ევროს გამოყოფს

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოსთან თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ და ევროკავშირმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ უკვე გავიარეთ ასოცირებული შეთანხმების მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, გვაქვს აშკარა პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და სავიზო რეჟიმის მოხსნის დიალოგში. გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ეს ინტეგრაციის პროცესი, იმის გარანტიებით, რომ საქართველო იქნება მონდომებული პარტნიორი და იგი დაიცავს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ჩვენ ვაფასებთ ახალი მთავრობის მზაობას განაგრძონ ასეთი კურსი" - განაცხადა შტეფან ფულემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე" იმსჯელეს, რომელიც მომავალ წელს ვილნიუსში გაიმართება.

„ჩვენ ძალზე დატვირთული განრიგი გვექნება, მაგრამ სავარაუდოდ, ამ მნიშვნელოვანი თარიღისათვის უკვე საგრძნობი პროგრესი იქნება მიღწეული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენ დღეს განვიხილეთ და რის განხორციელებასთან დაკავშირებითაც დიდი მოლოდინი გვაქვს, არის საქართველოს ინიციატივა, ახალი წლის პერიოდში თბილისმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის" არაფორმალურ სამიტს უმასპინძლოს. ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ „აღმოსავლეთის პარტნიორობის" განვითარების პროცესი და დავხვეწოთ ჩვენი განრიგი ვილნიუსის სამიტისთვის" - განაცხადა ფულემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებასაც შეეხო, რომელიც 181 მილიონ ევროს შეადგენდა.

„გარდა ამისა, ვრჩებით რა ერთგული საკუთარი პოლიტიკისა, „მეტი მეტისთვის", ევროკავშირი საქართველოსთვის დამატებით 22 მილიონ ევროს გამოყოფს - იმის ნიშნად, რომ ვაცნობიერებთ მათ მიერ რეფორმების გატარების მცდელობას. კარგი იქნება, თუ შევძლებ, იგივე მომავალ წელსაც გავიმეორო" - აღნიშნა ფულემ.