ამნისტია გარკვეული ფორმით ყველა მსჯავრდებულსა და პატიმარს შეეხება, გარდა იმ პირებისა, რომელთაც მუდმივი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, პატიმრებს, რომლებზეც „ამნისტიის პროექტის“ 1-16 მუხლების მოქმედება არ ვრცელდებოდა, სასჯელი ერთი მეოთხედით უნდა შემსუბუქებოდა, თუმცა, ამ კუთხით არსებობდა გამონაკლისი სსკ-ის მუხლები და პროექტის მე-17 მუხლი წარმოდგენილი იყო დათქმით.
„ცვლილებით, სასჯელის ერთი მეოთხედით შემსუბუქება არ ეხებოდათ სსკ-ის 108-ე, 109-ე, 137-ე მუხლის IV და V პუნქტებით, 138-ე მუხლის IV და V პუნქტებით და 323-ე მუხლის III ნაწილით მსჯავრდებულებს. როგორც შავგულიძე განმარტავს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მე-17 მუხლის აღნიშნული დათქმის გარეშე მიღებას. სასჯელაღსრულებით დაწესებულბებში არაადექვატურად მძიმე პირობები იყო და ხდებოდა ის, რაც წესით არ შეიძლება ციხეებში ხდებოდეს. გამომდინარე აქედან, ამნისტია რაღაც ნაწილით ყველა მსჯავრდებულსა და პატიმარს უნდა შეეხოს. სწორედ ეს არის არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მე-17 მუხლის კორექტირების გადაწყვეტილება მივიღეთ“, - აცხადებს დეპუტატი.