დიმიტრი ლორთქიფანიძე: თავისი მასშტაბებითა და არსით, ეს ამნისტია ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოა

დიმიტრი ლორთქიფანიძე: თავისი მასშტაბებითა და არსით, ეს ამნისტია ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოა

უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დადებითად აფასებს.

ლორთქიფანიძის განცხადებით, თავისი მასშტაბებითა და არსით, ეს ამნისტია ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ამნისტიის კანონის მიღება საკმაოდ გაჭიანურდა, მინდა დღევანდელი დღე გამოვყო,  ვინაიდან დღეს, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიღწეულ იქნა კონსესუსი, რა დროსაც მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით,  მათ შორის,  განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, რომლებსაც ამნისტიით განსაზღვრული შეღავათები არ ეხებოდათ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მათ სასჯელის ¼  მოეხსნებათ. ეს ძალიან ჰუმანური და სწორი გადაწყვეტილებაა,  ვინაიდან ყველა მსჯავრდებულის მიმართ, სამართლიანობის პრინციპი ამ შემთხვევაში, პროპორციულად უნდა ვრცელდებოდეს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძე იმედოვნებს, რომ მომავალში უვადო პატიმრების მიმართ, აუცილებლად იქნება გარკვეული რეაგირება,  რათა მთელი ამ რვა წლის განმავლობაში,  პატიმრები არნახულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას განიცდიდნენ.

„ეს სამართლიანობის პრინციპს ნამდვილად აღადგენს და სამართლიანობის განცდას დაუბრუნებს იმ პატიმრებს,  რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში, მხეცური რეჟიმის მოპყრობის შედეგად, დაინვალიდებულნი არიან“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.