საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ე.წ. მატროსოვის ციხეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა.
ჭკადუა ადასტურებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს, რადგანაც მისი რამდენიმე თანამებრძოლი პოლიტპატიმართა ერთიანი სიიდან ამოიღეს.
„იგი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს და ამბობს, რომ მორალური პასუხისმგებლობა აქვს ამ ადამიანების მიმართ და ისინი მხოლოდ იმიტომ არიან ციხეში გამოკეტილნი, რომ კავშირი ჰქონდათ მასთან. სხვა შემთხვევაში კი, დაპატიმრებულები არ იქნებოდნენ. იმასაც ამბობს, რომ შესაძლებელია მასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამ ეს არამც და არამც არ შეიძლება გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მხოლოდ მის გამო არიან დაკავებულები“ - განუცხადა from.ge-ს ირმა ჭკადუამ.
მისივე ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ხნით აპირებს შიმშილობის გაგრძელებას. ამასთან, თავს კარგად გრძნობს და ციხის ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია,
„ერთადერთი მისი სურვილია, ჰქონდეს ტელევიზორი, რასაც „პატიმრობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს და იმედია სასჯელაღსრულების სამინისტრო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს“ - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ოქრუაშვილს და მის თანაგუნდელებს კომიტეტი პოლიტპატიმართა სიაში არ დააბრუნებს, ოქრუაშვილი გეგმავს აქტიურად ითანამშრომლოს დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო და არასამათვრობო ორგანიზაციებთან.
ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიაში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო.
„ბუნებრივია, ის უნდა მოხვედრილიყო პოლიტპატიმართა სიაში და მას სახვეწარი არაფერი არ აქვს. ოქრუაშვილი იყო პოლიტდევნილთა სიაში და როცა დააკავეს, ეს ავტომატურად იწვევდა პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გარემოებაა, რომ ე.წ. ზილების საქმეზე რამდენიმე პირი არის პოლიტპატიმართა სიაში, რამდენიმე კი, უაპელაციოდ იქნა ამოღებული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული. გარდა ამისა, არავის უთქვამს, თუ რა ნიშნით მოხდა მათი განსხვავება და ზოგიერთი მათგანის სიიდან ამოღება, მაშინ, როცა თვითონ ეს საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებულია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების მიმართ არასამართლიანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო ხარვეზი რომელიც უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.