თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთმა წევრმა ნინო თევდორაძემ დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის „თავისუფლება” თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იმ დროს, როცა ქალაქის მერი თავისი პარტიის აქტივის ბიუჯეტის სახსრებით შენარჩუნებას ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა ისევ გრძელდება.
„მე მერგო პატივი, გაუწყოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დღეს კიდევ ერთმა ღირსეულმა ადამიანმა – ნინო თევდორაძემ დატოვა და ჩვენს ფრაქციას „თავისუფლება” შემოუერთდა. ქალბატონი ნინო ამჟამად სამკურნალოდაა წასული. ის მალე დაბრუნდება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ სვლას გამარჯვებისკენ” – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
ნინო თევდორაძე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი აქტიური წევრი იყო და წლების განმავლობაში მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.