საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.
სააკაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და განხორციელებული რეფორმები განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და მას დემოკრატიული და სამართლიანი უწოდა. მან კოჰაბიტაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას, მათ იმ პროგრესის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ევროსაბჭოს როლი საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესში. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა იყო.