საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება.
ამის შესახებ პრემიერმა სასტუმრო „ამბასადორში" უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. კახა კალაძე გენიალური პიროვნებაა და ძალიან კარგად შეისწავლა თავისი სფერო. კმაყოფილი ვარ, რომ თავისი სამინისტროს შინაარსი კარგად იცის და სიტუაციას აკონტროლებს. სერიოზული შეცდომები არ აქვს და ძალიან მიკვირს რატომ ჩნდება შეკითხვები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ალბათ, ისევ ოპონენტები აგორებენ მსგავს ჭორებს. არჩილ კბილაშვილზეც თქვეს იგივე. კბილაშვილიც და კალაძეც ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან, წესიერები, პატიოსნები და ცდილობენ თავისი საქმე კარგად გააკეთონ. ასევე მიკვირს რატომ დაისვა წულუკიანთან დაკავშირებით ეს კითხვა, მასაც არ ემუქრება რაიმე. საუკეთესო ხალხი შეარჩიეს და რაღაცეებს უგონებენ"- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრები აბსოლუტურად კარგად არის შერჩეული.