საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობასთან დაკავშირებით" ანეკდოტურს უწოდებს.
როგორც ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სასტუმრო „ამბასადორში" უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ყველამ კარგად იცის, თუ როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში მედიის კუთხით წინა ხელისუფლების მმართველობისას.
„სააკაშვილი რომ ახლა გახდა თავისუფალი მედიის დამცველი, სასაცილოა. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „იმედს" შორის ის პარალელს ავლებს და შესაბამისად, ახლა მისი მხრიდან თანხის გამოყოფა თავისუფალი მედიისთვის ანეკდოტურია"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა „სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობასთან დაკავშირებით" ბრძანებულება გამოსცა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტს არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა. ამ მიზნით პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან მილიონ ლარს გამოყოფს.
ბრძანებულების მიხედვით, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი კონკურსის გზით შეირჩევა, თავად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით კი, საკონკურსო კომისია შეიქმნება.