კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები კომპენსაციისთვის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის გამოყოფას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ „ერთობის" წევრებმა მთავრობის კანცელარიასთან დღეს აქცია გამართეს. მათ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე მიმართვა შეიმუშავეს და კანცელარიის მისაღებში დატოვეს.
„90-იან წლებში საქართველოს მასშტაბით 9000-მდე ოჯახმა შეიტანა კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ფული. დღეს ისინი სახლის გარეშე არიან დარჩენილები. ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტიდან 50 მილიონის გამოყოფდას ვითხოვთ, რათა დაზარალებულებმა კომპენსაცია მიიღონ" - განაცხადა „ერთობის" კოორდინატორმა ლაშა გეგეჭკორმა.
როგორც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირები აცხადებენ, მათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა.