საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპრეზიდენტო ფონდიდან სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის ხელშეწყობის მიზნით, მილიონი ლარი გამოიყოფა.
პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
ბრძანებულების თანახმად, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების განმტკიცების საქმეში სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის როლის გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევის მიზნით ჩატარდეს კონკურსი. კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნინო კალანდაძე-საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარე, ვან აიბურთი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვერა ქობალია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ნატალია ყანჩელი. საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“,- ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.