თბილისის მერია დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებების პროგრამას ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო პროგრამის ფარგლებში 25 დეკემბერს 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე სახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება.
ასევე, 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე მთაწმინდის პარკში სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებით და სხვადასხვა გასართობი სანახაობით შეხვდებიან. ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები და თეატრალური წარმოდგენებიც.
გარდა ამისა, 25 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბიგ ბენდის კონცერტით მეიდნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნება, ასევე კინოს მოედანზე დაგეგმილია ნაძვის ხეების ფესტივალის გახსნა, რომელზეც სხვადასხვა კომპანიები თავიანთი დიზაინით შექმნილ ორიგინალურ ნაძვის ხეებს წარმოადგენენ. გამოფენა 2 იანვრამდე გაგრძელდება.
ასევე, მეიდნის საახალწლო ფესტივალის განმავლობაში ყოველ დღე, 16:00 საათიდან, კინოს მოედანზე გაიმართება თბილისის ხელოვნების სკოლების ორკესტრებისა და ანსამბლების კონცერტები.
26 დეკემბერს, 15:00 საათზე, კინოს მოედანზე, თოჯინების საოპერო თეატრის სპექტაკლი „სევილიელი დალაქი" გაიმართება, 27 დეკემბერს ამავე მოედანზე კი - თითების თეატრის სპექტაკლი „ექსტრავაგანსა".
ამასთან, საახალწლო პროგრამის ფარგლებში 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გლდანის პარკში ყინულის მოედანი გაიხსნება. თოვლის ბაბუა კი, 4 იანვარს გლდანის პარკს, 10 იანვარს კი, მუშტაიდის პარკს ესტუმრება.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.