„ჰაიდელბერგცემენტი" რუსთავის ქარხანასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" კუთვნილ რუსთავის ქარხანაში გუშინ დაახლოებით 70 თანამშრომელი გაიფიცა, რაც მათი განცხადებით, განპირობებული იყო ქარხნის მენეჯერთან წარმოქმნილი უთანხმოებით.
„დღეისთვის მიმდინარეობს გარემოებების დადგენა და „ჰაიდელბერგცემენტის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ქარხნის მენეჯერს, მამუკა სულაძეს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება. სრული სურათის გარკვევამდე ქარხნის მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელი, „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის" ტექნიკური დირექტორი ზაზა სადუნიშვილი უზრუნველყოფს ქარხნის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ამჟამად პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე"-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აქვე აღნიშნულია, რომ „ჰაიდელბერგცემენტი" არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.