საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაა, ვიდრე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე მისვლა, რის გამოც, დღეს დაკითხვაზე არ გამოცხადდება.
ამ წუთებში, საყვარელიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ესწრება.
„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დეპუტატის სტატუსი და კომიტეტის სხდომაა, ვიდრე ხადურის უწყებაში გაუგებარი მიზეზებით სიარული. ვთვლი, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი მიმდინარეობს და ნებისმიერ კითხვას საჯაროდ გავცემ პასუხს“, - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძე დაკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება 2004 წლის პერიოდს, როდესაც საყვარელიძე თბილისის მერიაში მუშაობდა. სამართალდამცველების კითხვები შესაძლოა რიყის ტერიტორიის გასხვისებას უკავშირდებოდეს.