ამერიკელი სენატორები: ჯინ შეინი, ჯო ლიბერმენი, ჯეიმს რიში, ლინდსი გრეჰემი და ჯონ მაკკეინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავენ.
წერილის თანახმად, სენატორები მოუწოდებენ ივანიშვილს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ „საქართველო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის, წევრებთან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით არ იყენებდა“.
როგორც ამერიკელი სენატორები წერილში აღნიშნავენ, ისინი ღრმად შეშფოთებულნი არიან დაკავებებით, გამოძიებებით, დაპატიმრებებითა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის შესახებ, გავრცელებული ხმებით.
წერილი 6 დეკემბერს გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნდა.
„დღეს ჩვენ ვწერთ მზარდი შეშფოთებით იმის ალბათობაზე, რომ ეს ქმედებები შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და არჩევნების შემდგომ პერიოდში ქულების დასაწერად მიმართული. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რათა არიდებული იყოს აღქმაც კი იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ შერჩევითი სამართალი გამოიყენება“, - ნათქვამია წერილში.
გამოცემის ინფორმაციით, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მილიარდერ ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მაღალი რანგის ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები გამოთქვამდნენ თავიანთ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ წინა ხელისუფლების 23 ოფიციალური პირის მიმართ სამართლებრივი დევნა, მათ შორის კორუფციისა და წამების ბრალდებებით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
სენატორები შაინი და რიში ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა დაკვირვებოდნენ არჩევნებს და იმ დროს ორივე მხარეს აქებდნენ. მაგრამ როგორც გამოცემა წერს, ახლა ისინი აფრთხილებენ საქართველოს, რომ მისი ურთიერთობა მსოფლიოსთან და კონკრეტულად აშშ-სთან დამოკიდებულია ახალი მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების კურსის გაგრძელებაზე, კანონის უზენაესობის, პოლიტიკური პლურალიზმის და ოპოზიციასთან თანამშრომლობის კულტურის უზრუნველყოფაზე.
„სენატორებმა პირდაპირ მოიშველიეს წინა თვეში გამოცემაში დაბეჭდილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძის ინტერვიუ, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა არ ასრულებს თავის დანაპირებს იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი სისტემა მოქმედებდეს პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლად“, -ნათქვამია სტატიაში.
„ჩვენ მივესალმებით თქვენ სიტყვებს, რომელიც გამორიცხავს შერჩევით სამართალს, თუმცა ჩვენ მწუხარებით აღვნიშნავთ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ღრმა შეშფოთებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის კომენტარები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები „კრიმინალები და დამნაშავეები“ არიან. დანაშაული და უდანაშაულობა უნდა განისაზღვროს მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ და საპირისპირო ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ეჭვგარეშე იყო გამყოფი, თუმცა საარჩევნო კამპანია დასრულდა“,- წერენ სენატორები ბიძინა ივანიშვილს.