ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდი დღეს გაიმართება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დისკუსიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების საკითხები და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებანი.
ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა, რომელიც ჟენევის დისკუსიებში პირველად მიიღებს მონაწილეობას ახალი შემადგენლობით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში შექმნილ ჟენევის დისკუსიების არსებულ ფორმატს და მზად არის, ხელი შეუწყოს მისი მუშაობის არა მხოლოდ გაგრძელებას, არამედ გააქტიურებას.
„იმედი გვაქვს, რომ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებთან მიმართებაში შევძლებთ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების სამუშაო რეჟიმში განხილვას, რაც ჟენევის პროცესს პოზიტიურ დინამიკას შესძენს. დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ადამიანის უფლებები, ჰუმანური და ჰუმანიტარული განზომილებები უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ადამიანის ძირითადი უფლებები და საჭიროებები არ უნდა დაზარალდეს რთული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის ფონზე" - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლები.