მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გამოძიებამ დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება, პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს ქალაქ თბილისში, რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს.
„რიყის ტერიტორია თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის გადაწყვეტილებით, პირობიანი ხელშეკრულებით გასხვისდა 2006 წლის 2 მაისს, თუმცა შემდგომში, ხსენებული ფართობი, უკან იქნა გამოსყიდული საბიუჯეტო თანხით და ბევრად მეტ ფასად. ეს გარემოება ბადებს კითხვებს ამ ოპერაციების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ამ ოპერაციიის განხორციელებისას თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ერთ-ერთი წევრი, მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსი დავით საყვარელიძე იყო.
გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დაკითხულია კომისიის რამდენიმე წევრი და დღის წესრიგში დადგა დავით საყვარელიძის მოწმის სახით დაკითხვაც, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
შესაბამისად, 2012 წლის 11 დეკემბერს, დავით საყვარელიძისთვის უწყების ჩასაბარებლად, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე და ინსპექტორ-გამომძიებელი გოჩა ჩხაიძე გამოცხადდნენ მის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დახვდათ ქალბატონი, რომელმაც უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. შედგა შესაბამისი ოქმი.
ამავე დღეს, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე ტელეფონით დაუკავშირდა ბატონ დავით საყვარელიძეს და აცნობა, რომ მოწმის სტატუსით იყო მიწვეული საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს „ახალი რიყი“-ს თაობაზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ბატონმა დავით საყვარელიძემ ნოდარ გოგლიძეს განუცხადა, რომ პირადად დაკავშირებოდა საქმის მწარმოებელი გამომძიებელი პროკურორთან ერთად და ამის შემდგომ გამოცხადდებოდა მასთან.
11 დეკემბერს, 11:24 საათზე, ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებელი დავით ჩუბინიძე კვლავ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე პარლამენტის წევრ დავით საყვარელიძეს, რომელსაც ჰკითხა, თუ რა მისამართზე მიეტანა უწყება პირადად მისთვის ჩასაბარებლად, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ გამოძიებისათვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით პროცესში მთლიანად ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, გამოძიებამ ჯერ დაკითხოს პრემიერ- მინისტრი და შემდგომ გამოცხადდებოდა გამომძიებელთან. მანვე,,უწყების დატოვება მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე.
დავით საყვარელიძის განცხადებით, მხოლოდ ზემოთ ხსენებული პროცედურების გავლის შემდეგ გამოცხადდებოდნენ პარლამენტის წევრები გამომძიებელთან.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება ჩააბარა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ქ. ქუთაისში, ასევე, პირადად მას, მობილურ ტელეფონზე გაეგზავნა ანალოგიური შინაარსის მოკლე ტექსური შეტყობინება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.