საქართველოს მთავარმა პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესაძლოა იძულებით მიიყვანონ. ამის შესახებ კბილსაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" განუცხადა.
მისი განმარტებით, დავით საყვარელიძეს კანონი ავალდებულებს, ჩვენება მისცეს, ხოლო თუ იგი საგამოძიებო სამსახურში არ გამოცხადდება, ამით კანონს დაარღვევს.
„რაც შეეხება ფრაქციებს, ჩვეულებრივ შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ მოწმე შეიძლება იყოს იძულებით მიყვანილი, თუმცა პარლამენტის წევრზე ეს წესი არ მოქმედებს. ასე რომ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, მიემართოს პარლამენტს შესაბამისი ნებართვის გაცემის შესახებ" - აღნიშნა კბილაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის გასხვისების თემასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით არის დაბარებული, თუმცა როგორც დავით საყვარელიძე აცხადებს, ჩვენების მისაცემად საგამოძიებო სამსახურში მისვლას არ აპირებს.
ამასთან, განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც, სადაც ნათქვამია, რომ 11 დეკემბერს, 11:24 საათზე, გამომძიებელი დავით ჩუბინიძე დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე პარლამენტის წევრ დავით საყვარელიძეს, რომელსაც ჰკითხა, თუ რა მისამართზე მიეტანა უწყება პირადად მისთვის ჩასაბარებლად, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ გამოძიებისათვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით პროცესში მთლიანად ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, გამოძიებამ ჯერ დაკითხოს პრემიერ- მინისტრი და შემდგომ გამოცხადდებოდა გამომძიებელთან.