საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი, გასულ წელს სამინისტროსთვის ჩამორთმეული ფუნქციების აღდგენაა.
ამის შესახებ მან სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ გარემოს დაცვის სამინისტროს დონორების საკოორდინაციო შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი, თუმცა პირველი ეტაპი რეორგანიზაციაა და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იმ ფუნქციების აღდგენაა, რომლებიც სამინისტროს გასულ წელს ჩამოერთვა. ამ ფუნქციების აღდგენის შემდეგ, ჩვენთვის მთავარი იქნება თუ როგორ ვითარდება სამინისტრო. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ თუ როგორ შეიძლება პრობლემების მოგვარება. ამჟამად მუშაობა როგორც სამინისტროს შიგნით, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულობა მოვახდინოთ და თანამშრომლობის გაგრძელების გზები დავსახოთ. ასევე დავგეგომთ ღონისძიებები, რითაც შეიძლება ეს თანამშრომლობა გაძლიერდეს და უფრო ნაყოფიერი გახდეს" - განაცხადა გოგალაძემ.