ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, გარემოს დაცვის დაფინანსება, არსებული შეზღუდული რესურსების ფონზე, გაზრდილია.
ამის შესახებ ხადურმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ გარემოს დაცვის სამინისტროს დონორების საკოორდინაციო შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და მიზანი არის ის, რომ გარემო შევინარჩუნოთ. ვინაიდან, საქართველოს თავის იდენტობაში, ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ბუნებრივი რესურსებია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ფუნქციების კონსოლიდაცია, რომლებიც რამდენიმე სამინისტროზე იყო გადათამაშებული. უნდა აღინიშნოს, რომ იმ შეზღუდული რესურსების ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, გარემოს დაცვის დაფინანსება გაზრდილია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის პრობლემები, რომლებიც აქამდე იყო - გარემოს უდიერი მოპყრობა, გარემოს ხარჯზე ძალიან ბევრი ღონისძიების განხორციელება, ამიერიდან აღარ განხორციელდება და გარემო განვითარებული და შენარჩუნებული იქნება. აქვე მინდა, გითხრათ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია და ის დაახლოებით 27 მილიონი ლარია, მაგრამ ეს არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების და ეს არ არის მხოლოდ სამინისტროს აპარატის დაფინანსება"- განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, მომავალში გარემოს დაცვის მხრივ, ბევრი ისეთი ღონისძიება დაფინანსდება, რომლებიც აქამდე არ ფინანსდებოდა.