შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირი იმ შესაწყალებელ პატიმართა სიაში იყო, რომელიც პრეზიდენტს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შუამდგომლობით გადაეგზავნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სოზარ სუბარმა რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტს მძიმე და უკიდურესად მძიმედ დაავადებული პატიმრების შეწყალების თაობაზე, რის შემდეგაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მინისტრის უშუალო შუამდგომლობით, შესაწყალებელთა სია გადაიგზავნა.
„დოკუმენტაციის შემოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი აქტი და ეს პირები შეიწყალა. ამ სიაში აღმოჩნდა თენგიზ გ, რომელიც მძიმედ დაავადებულ პატიმართა ჩამონათვალში შედიოდა და რომელიც, მინისტრის თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაუყონებლივ გათავისუფლებას საჭიროებდა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული პირის ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მის სახელსა და გვარს უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, სპეციალურად არ ვასახელებთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ 7 დეკემბერს მინისტრის თხოვნის საფუძველზე შეწყალებული პირი, რომელმაც 9 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა, იდენტურია. ეს პირი 2007 წლიდან სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა" - აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეწყალებული პირის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.
შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულის აღწერილობის საფუძველზე აღნიშნული პირი პოლიციის თანამშრომლებმა ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სარდაფთან დააკავეს. დაკავების მომენტში მას ხელში ეჭირა დანა, რომელსაც პირზე სისხლის კვალი ჰქონდა. ბრალდებული ე.წ. „ქურდული ტრადიციების" მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი ყაჩაღობისთვის 11-წლიან სასჯელს იხდიდა.
შსს-ს ინფორმაციით, თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საპატიმროდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.