ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ყოფილი დირექტორი, კახა ბექაური, ექსპერტ გია ხუხაშვილსა და ამ ტელევიზიის ახალ ხელმძღვანელს, ლუბა ელიაშვილს, ბინძური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულის შესახებ, კახა ბექაური სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მეცხრე არხისთვის მიცემული ჩემი კომენტარი, რომელიც ეთერში არ გავიდა: „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებული სტატია არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც წამოიწყო „ყველაფრისმცოდნე“, უვიცმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა. ხუხაშვილმა ჯერ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში „მეცხრე არხის“ მენეჯმენტის ცვლილება ამ არხის ურეიტინგობას დაუკავშირა, ამის შემდეგ რამდენიმე დღეში, გამოქვეყნდა IRI-ს კვლევის შედეგები, სადაც ტელეკომპანიის გავრცელების არეალის გათვალისწინებით, „მეცხრე არხი“ ყურებადობითა და სანდოობით პირველ ადგილზეა. ბუნებრივია, „მეცხრე არხის“ ხუხაშვილისეული ურეიტინგობა არც საზოგადოებამ მიიღო და კვლევამაც საწინააღმდეგო დაადასტურა. ამიტომ საჭირო გახდა ბინძური კამპანიის მიმართულების შეცვლა და არხიდან წასული თანამშრომლების „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტებად გამოცხადება“,- წერს „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე კახა ბექაური.
აქვე, ბექაური აღნიშნავს, რომ ლუბა ელიაშვილის მიერ, „კვირის პალიტრასთან“ გამოთქმული ეჭვი იმის შესახებ,, რომ მიმდინარე ფინანსური აუდიტის შედეგად მომავალში შესაძლოა, დარღვევები გამოვლინდეს. ეს მაშინ, როდესაც შემოწმება ჯერ არ დასრულებულა, არის ბინძური კამპანია, რომელსაც ხუხაშვილი და ელიაშვილი საჯაროდ აწარმოებენ.
„მე არ ვიცი, რა მოტივები ამოძრავებთ მათ, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, მაგრამ მზად ვარ, საჯაროდ ვუპასუხო ყველა ამ „ბრალდებას“, მათ შორის, ქალბატონ ლუბასთან ერთად, საჯაროდ გავარჩიო ნებისმიერი აუდიტორის მიერ გაკეთებული ფინანსური დასკვნა. მათი ეჭვების არდადასტურების შემთხვევაში კი, საჯაროდ აღიარონ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების დეფიციტი“, - წერს კახა ბექაური „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე.