საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ რიყეზე 7 მილიონ დოლარად გაყიდული ფართის თბილისის მერიის მიერ 17 მილიონ ლარად გამოსყიდვის ფაქტით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.
მუსხელიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც მუსხელიშვილმა განაცხადა, მამუკა ახველდიანმა ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ ჯგუფი" იმაში დაადანაშაულა, რომ რიყეზე უსახური პროექტი არ დააფინანსეს.
მუსხელიშვილმა იმ პროექტების ფოტოები წარმოადგინა, რომლის დაფინანსებას „ქართუ ჯგუფი" აპირებდა.
მისი თქმით, რიყის ტერიტორია მთლიანად დასასვენებელ და კომერციულ ზონად უნდა ქცეულიყო და სწორედ ამ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართეს „ქართუ ჯგუფს".
მუსხელიშვილის ცნობით, შეირჩა ოთხი პროექტი. „ქართუ ჯგუფმა" და ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებს რამდენიმე ასეთი პროექტი დაუკვეთეს, რის შემდეგ პრეზენტაციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა შეარჩია ერთ-ერთი. გიორგი მუსხელიშვილმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა პრეზიდენტის მიერ მოწონებული პროექტი. მისივე თქმით, მერიამ აღნიშნული პროექტის დაფინანსება სთხოვა „ქართუ ჯგუფს", თუმცა მოგვიანებით უკვე თავისი პროექტი წარადგინა, რის დაფინანსებაზეც უარი მიიღო.