ბოლო ორი თვის განმავლობაში საპყრობილე 1680 პატიმარმა დატოვა

ბოლო ორი თვის განმავლობაში საპყრობილე 1680 პატიმარმა დატოვა

ბოლო ორი თვის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის ადგილები სულ 1680 პატიმარმა დატოვა.

 სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცნობით, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების აქტით 880 პატიმარი გათავისუფლდა. 800 პატიმარი გამოვიდა ციხეებიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. მათივე ინფორმაციით, 93 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდა.

პატიმართა შეწყალების კომისიამ სხდომა 9 დეკემბერსაც გამართა და პრეზიდენტს 258 პატიმარზე გათავისუფლების, 16 მსჯავრდებულთან დაკავშირებით კი, სასჯელის განახევრების რეკომენდაციით მიმართა. კომისიის ბოლო რეკომენდაციებთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მიიღებს. ამასთან, შეწყალების სახელმწიფო კომისია ახალ წლამდე დარჩენილ დროში კიდევ ერთი სხდომის გამართვას გეგმავს.

გარდა ამისა, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და რომლის საფუძველზეც რამდენიმე ასეული პატიმრის გათავისუფლებას ელოდებიან.

უწყებაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, კიდევ რამდენი მსჯავრდებული გათავისუფლდება დეკემბრის ბოლომდე.