საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლის მიზნით გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო სამსახურში ამჟამად, მოწმის სახით, დაკითხვაზე თბილისის მერიის მიერ, დაფუძნებული შპს გარე განათების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია იმყოფება.
მაქაცარია 2006 წელს თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი იყო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე უნდა დაიკითხოს იმავე კომისიის ყოფილი წევრი, ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე.
მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა დ. საყვარელიძის იურიდიულ მისამართზე, მისი მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, საგამოძიებო სამსახურში გამოცხადების უწყების ჩაბარება.
ამ მისამართზე იმყოფებოდა მისი ნათესავი. რომელმაც აღნიშნული უწყება არ ჩაიბარა. საგამოძიებო მოქმედებების პროცედურებიდან გამომდინარე შედგა შესაბამისი ოქმი. ასევე მოხდა დ. საყვარელიძის გაფრთხილება ტელეფონის საშუალებით, სატელეფონო საუბრის დროს მან მოითხოვა აღნიშნული უწყების ჩაბარება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში. საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ მიუხედავად მისი იმუნიტეტისა, კანონი უფლებას გვაძლევს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული პირი მოწმის სახით დაიკითხოს.
შესაბამისად ამისა, უწყება დღის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობა დადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთერთ შპს - ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება.
2008 წლის 30 დეკემბერს, ისე რომ აღნიშნულ შპს - ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ, გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად.
გამოძიების თანახმად, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან.
მოწმის სახით დაკითხულები არიან თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები. მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ქონდათ ხსენებულ საკითხთან.