უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაზა მეიშვილის განცხადებით, რამდენიმე მოსამართლეს ბანკებმა კრედიტის გაცემაზე უარი უთხრეს.
მისი თქმით, უარი სესხზე იმიტომ უთხრეს, რომ ისინი მოსამართლეები იყვნენ.
ამასთან, მეიშვილმა მოსამართლეების დისკრედიტაციაზე ადვოკატთა ასოციაციის მხრიდანაც ისაუბრა.
მეიშვილის თქმით, ასოციაციამ გაუგონარი არგუმენტით პენსიაზე გასული მოსამართლე თავის წევრად არ მიიღო.
„ალბათ, იმის გამო, რომ ეს პირი მოსამართლეა. რითი საბუთდება ეს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ეს იყოს გზავნილი და გამოხატულება იმისა, რომ სასამართლო სისტემა უნდა შეიცვალოს და ყველა მოსამართლე უნდა წავიდეს სახლში. აქედან გამომდინარე, ალბათ, ბანკებიც ფიქრობენ, რომ თუ კონკრეტულ მოსამართლეზე სესხს გასცემენ და დარჩება უმუშევარი, ვეღარ მოახდენენ ამ სესხის უზრუნველყოფას“, - განაცხადა მეიშვილმა.