ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მის წარმოებაში არსებული დავით ბეგიაშვილის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა.
პროკურატურისვე შუამდგომლობით მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ასევე დავით ბეგიაშვილის ქონებას ყადაღა მოეხსნა.
დავით ბეგიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში ედებოდა. კერძოდ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 44-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი 173 კვ.მ და სარდაფი 50 კვ.მ.) თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში.
სასამართლო გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებაში ვერ მიუთითეს ვერცერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც დაარწმუნებდა, როგორც სახელმწიფო ბრალდებას, ისე სასამართლოს დავით ბეგიაშვილის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების ჩადენაში. მოწმეებმა მხოლოდ დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჭავჭავაძის გამზირი N44-ში მდებარე ფართი დავით ბეგიაშვილის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა რა ფორმით, რა ხერხით, ან რა პროცედურების გავლით მოხდა აღნიშნული ქონების დავით ბეგიაშვილის საკუთრებაში გადასვლა, მოწმეების მიერ დადასტურებული ვერ იქნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების ერთობლივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დავით ბეგიაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს აქვს სამართლიანი პროცესის უფლება. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვსი მიღმა დადასტურდეს დავით ბეგიაშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, 2012 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.
პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.