გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები საქართველოს 4-დღიანი სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ. სამუშაო ჯგუფის წევრები ამიერკავკასიის რეგიონების კურატორები არიან.
მათი პირველი შეხვედრა დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გაიმართა. ჯგუფის წევრები კომპანიის ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს და მის მოადგილეებს გაეცნენ.
„კომპანიაში მენეჯმენტისა და სტრუქტურის შეცვლა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას არ შეაფერხებს. დაგეგმილი პროექტების დაჩქარებულ ვადებში განხორციელება ჩვენი აუცილებელი პირობაა" - განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში კომპანიის ხელმძღვანელობამ მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა, რომელიც ქუთაისის, ფოთის, ანაკლიის და მესტიის უწყვეტ, სტაბილურ წყალმომარაგებას ისახავს მიზნად.