დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, დღეს, სასამართლო ბრალდების მორიგ ეპიზოდზე იმსჯელებს, რომელიც სამსახურებრივ გულგრილობას უკავშირდება.
საქმე ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობების განხილვა მოხდება.
რაც შეეხება კომპანია „ჯეოსელის“ წილების გადანაწილებასთან დაკავშირებულ საქმეს, ზვიად კორძაძის განმარტებით, დაცვის მხარის საჩივარი, საქმის გადასინჯვის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოშია შესული.
საუბარია ხუთი წლის წინ მომხდარ ფაქტზე, რომელშიც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობაზე საუბრობდა.
კერძოდ, ამ ჩვენების თანახმად, „ჯეოსელის“ ერთ-ერთი მეწილე ჯემალ სვანიძისგან, ირაკლი ოქრუაშვილი, ქიტოშვილის დახმარებით, კომპანიის 2,5 %-ის გადაფორმებას 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მუქარით მოითხოვდა. დღეს კი ქიტოშვილი ამბობს, რომ 5 წლის წინ საკუთარი თავისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მიაცემინეს, რასთან დაკავშირებითაც უკვე მთავარ პროკურატურას მიმართა.
„ჯეოსელის“ წილების საქმე ერთ-ერთი ბრალდებაა, რასთან დაკავშირებითაც, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.