შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1950 წელს დაბადებული თენგიზ გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულის აღწერილობის საფუძველზე აღნიშნული პირი პოლიციის თანამშრომლებმა ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სარდაფთან დააკავეს. დაკავების მომენტში მას ხელში ეჭირა დანა, რომელსაც პირზე სისხლის კვალი ჰქონდა.
ბრალდებული ე.წ. "ქურდული ტრადიციების" მიმდევარია და წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. 2007 წლიდან იგი ყაჩაღობისთვის 11-წლიან სასჯელს იხდიდა.
თენგიზ გ. 2012 წლის 7 დეკემბერს საპატიმროდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.