2011 წლის 21 ივლისს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურა ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა „რეპორტიორების საქმეს“ კი, გრიფით საიდუმლო დაადეს. მოგვიანებით, რეპორტიორები წინა ხელისუფლების მიერვე გათავისუფლდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა რეპორტიორებმა დაკავების მიზეზებზეც დაიწყეს საუბარი და ისინი ამბობენ, რომ მათი დაკავება 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტო მასალების გამომზეურებას უკავშირდება.
დღეს კი, პარლამენტი რეპორტიორების ფოტო გამოფენას - „არ არის სურათი, არ არის დემოკრატია“ მასპინძლობს, სადაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის მანიფესტაციების დაშლის ამსახველი 60-მდე ფოტოა წარდგენილი - სპეცრაზმი თუ როგორ არბევს აქციას, როგორ სცემენ ხალხს და რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე. მართალია, აღნიშნული გამოფენა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, მაგრამ გამოფენა ერთ კვირას გასტანს და ალბათ, იმ დეპუტატებსაც შეექმნებათ დისკომფორტი, რომელთა მმართველობის დროს, რეპორტიორები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გამოფენასთან და რეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, From.ge ზურაბ ქურციკიძეს ესაუბრა:
რა არის გამოფენის მიზანი?
-ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ის რაც ფოტოებზეა ასახული საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს და ამის აღბეჭდვა არც ჩვენ მოგვიწიოს. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ამასთან, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა და ეს გამოფენაც, ამ საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
სწორედ ამ ფოტოების გამო, ფოტორეპორტიორები სკანდალში გაეხვიეთ. მართალია, თქვენ ბრალად - ჯაშუშობა წაგიყენეს, მაგრამ თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი დაკავება 26 მაისის აქციის დარბევის ასახვას უკავშირდება. შესაბამისად, რამდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს გამოფენა საკანონმდებლო ორგანოში იმართება?
-ჩვენი დაკავების ერთ-ერთი რეალური მიზეზი 26 მაისი და ჩვენი პროფესიული საქმიანობა იყო. იმიტომ, რომ რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, პრინციპში ახლაც გვაბრალებენ, აბსურდულია და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამ აქციების გაშუქების გამო დაგვაპატიმრეს და ძალიან არ მინდა, რომ მომავალში, ტყუილად ვინმე დაიჭირონ და დასაჯონ.
ამ სახის გამოფენა თბილისშიც მოაწყვეთ, მაგრამ ვინაიდან, ამ პარლამენტის წევრები ის დეპუტატებიც არიან, რომელთა ხელისუფლების პირობებში თქვენ დაგაკავეს, ეს გამოფენა მათ უხერხულობას შეუქმნით?
-ვურჩევ, რომ მოვიდნენ, ნახონ და დასკვნები თავად გამოიტანონ.
ახალი ხელისუფლების პირობებში, ძალიან ბევრი საქმის თავიდან გადახედვა დაიწყო. თქვენ თუ აპირებთ „რეპორტიორების საქმის“ გადახედვის მოთხოვნით, პროკურატურას მიმართოთ?
-ჩვენ ამ საქმის გასაჩივრებასა და რეაბილიტაციას მოვითხოვთ. უბრალოდ, ტექნიკური მხარეა მოსაგვარებელი, რომ ადვოკატები ავიყვანოთ და ა.შ.
მას შემდეგ, რაც გაგათავისუფლეს ზეწოლას თუ ჰქონდა ადგილი?
-როცა გამათავისუფლეს პირად ჩემზე არანარი ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. უბრალოდ ერთადერთხელ გადაღება ამიკრძალეს. კერძოდ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტი არ გადამაღებინეს.
გიორგი აბდალაძე აცხადებდა, რომ თქვენ სამივეს პატიმრობის შემდეგ მობილურები გადმოგცეს, რომელიც თან უნდა გქონოდათ. რა ბედი ეწია ამ ტელეფონებს, ისევ გაქვთ?
-ტელეფონი მაქვს, მაგრამ კარტა გაუქმებულია.
-ანუ, საჩუქრად დაგრჩათ?
ასე გამოდის.
მედია სივრცეში ინფორმაცია - თქვენი ჯაშუშობის შესახებ არადამაჯერებელი იყო, თუმცა, საზოგადოების თქვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა?
-რაც ციხიდან გამოვედი უარყოფოთი დამოკიდებულება არავისგან მიგვრძვნია. ყოველ შემთხვევაში, იმათგან ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. პირიქით, ყველას სახეზე ეწერა და ამბობდნენ, რომ ამ ამბის არ სჯეროდათ, რაც მხოლოდ მიხარია.