თბილისის მერი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა და მათ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი - რამაზ სულამანიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე გიგი უგულავამ თბილისის მერიის 2013 წლის მთავარ პრიორიტეტებზე, დაგეგმილი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კერძოდ, მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ: საბავშვო ბაღების, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურების თანამშრომლები; 100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების ცენტრებს; სპეციალური, 100 ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებს თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი, სულ 350 000 ოჯახი; 250 ლარიან ვაუჩერს 45 000 სოციალურად დაუცველი ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული; 65%-ით იზრდება საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი; გრძელდება გზების რეაბილიტაცია; ქალაქის ყველა მუნიციპალიტეტში, თბილისელების მიერ ინიცირებული თითოეული ის პროექტი დაფინანსდება, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს; 600 000 თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებს.