ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნაწარმის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ხუგაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
„საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე უკანონოდ, საბაჟო კონტროლისგან მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნაწარმის გადმოტანის ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე გიორგი ხუგაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გ. ხუგაშვილმა საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით, საბაჟო კონტროლის წესების დარღვევით, საკუთარი ავტომანქანის სამალავით რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა დასახელების სამკაულები გადმოიტანა. კერძოდ, "JENAVI"-ის ფირმის ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, გულსაბნევები, აღნიშნული საიუველირო ნაწარმი გაწყობილი იყო სვაროვსკის თვლებით. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით აღნიშნული ნივთების საბაზრო ღირებულება 30 619,4 ლარს შეადგენს" - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, აღნიშნულ პირს გირაოდ 10 000 ლარი შეეფარდა.