საკონტროლო სალარო შესყიდვის დროს გამოვლენილი სამართალდარღვევის გადასახადის შემცირების მიმართულებით ცვლილებები მზადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ცვლილებები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მომზადდება.
“გადასახადის შემცირების მიმართულებით მზადდება ცვლილებები. თქვენ იცით, რომ ახლა გადამხდელის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ხოლო თუ გადამხდელის დაჯარიმება მოხდება პირველად, ის თუ მიმართავს შემოსავლების სამსახურს ჯარიმა 200 ლარით შეიცვლება. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკვე აღნიშნული თანხების ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადდება ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სახელმწიფო სანქციების ოპტიმიზაციას გულისხმობს" - განაცხადა ხატია მოსწრაფიშვილმა.
ამასთან, მოისწრაფიშვილი ე.წ. ხოფას ბაზრობასა და ელიავას ბაზრობაზე თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა. მისი თქმით, თანამშრომლებმა გააპროტესტეს საკონტროლო შესყიდვები და ასევე, მათ აქვთ მოთხოვნა საკონტროლო სალარო აპარატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მათი გულისტკივილი, თუმცა მეორეს მხრივ, შემოსავლების სამსახური ვერ დაუშვებს ადმინისტრირების შესუსტებას. ვერ იარსებებს გაუმჭვირვალე თეთრი ლაქები, ანუ გაუკონტროლებელი მიმართულებები" - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხოფისა და ელიავას ბაზრობებზე სიმშვიდეა.
როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, საკონტროლო შესყიდვები არის საგადასახადო კონტროლის მექანიზმი, რომელიც განკუთვნილია სალარო საკონტროლო აპარატების გამოყენების წესის გასაკონტროლებლად. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის მოტივირებული, რომ გამოვლინდეს სამართალდარღვევის მეტი შემთხვევა.
„პირიქით, მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ გააქტიურება ადმინისტრირების, ჩვენ შევატყობინეთ მედიის საშუალებით გადასახადის გადამხდელებს და ვამცნეთ მათ თარიღიც. 3 დეკემბრიდან დავიწყეთ გააქტიურება საკონტროლო შესყიდვების. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა და სამართალდარღვევის პროცენტული მაჩვენებელი ამ მიმართულებით ძალიან მცირეა. რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა მიიღო ჩვენი ინფორმაცია და ადექვატურად გამოეხმაურა ამას. ასევე, ჩვენ გამოვრიცხავთ ჩვენი თანამშრომლების მხრიდან საკონტროლო შესყიდვის დროს რაიმე უკანონობას" - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.