ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან -10 დეკემბერთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს,რ ომ ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
თევზაძის განცხადებით, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება და ირღვევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ელემენტარული უფლებები-იცხოვრონ საკუთარ ჭერქვეშ, პერმანენტული ძალადობრივი ხასიათის ფაქტები, რასაც ადგილი აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან – სამაჩაბლოდან ოსი ეროვნების ბანდ–ფორმირებების გახშირებული გადმოსვლას ადმინისტრაციულ საზღვარზე (ე.წ. საზღვარზე) და ქართველი მოსახლეობის მიმართ თავდასხმები იარაღის გამოყენებით და ფიზიკური ძალადობა, ქართველი მაცხოვრებლების გატაცების ფაქტები და მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საგანგაშოა და საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების ყურადღებას იმსახურებს. გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო სამხედრო პირების მიერ გალის რაიონიდან ქართული ეთნიკური მოსახლეობის გამოძევების შესახებ, რაც თავისთავად რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის და ქართველო ერის ეთნოწმენდის გაგრძელებას წარმოადგენს. თევზაძეს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადო რეაგირებას განახორციელებს აღნიშნულ ფაქტებზე.
უფლებადამცველის განცხადებით, პრობლემას აღარ წარმოადგენს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარება, რადგან უდაოა რომ აღმოიფხვრა პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, თუმცა, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს მოქმედი შრომითი კოდექსი, სადაც დარღვეულია დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებების ბალანსი.
„ წლების მანძილზე გრძელდებოდა და სამწუხაროდ დღესაც ადგილი აქვს დაუსაბუთებელ გათავისუფლებებს, დასაქმებულის ინტერესების საზიანოდ, ღირსების შემლახველი ფორმებით. გასათვალისწინებულია ისიც, რომ სოციალური ჯგუფის ვეტერანების უფლებები სამწუხაროდ, დღემდე არ არის გარანტირებული კანონმდებლობით, რაც ვეტერანებს დაუცველს ხდის. წლების მანძილზე ამ სფეროს არ ეთმობოდა სათანადო ყურადღება, ხოლო ვეტერანთა თემატიკის რეგულაციების გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში კიდევ უფრო გაართულებს ამ პროცესს და შეასუსტებს ამ სფეროში საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხარდაჭერას საქართველოში,არად აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობა და მონიტორინგი ვეტერანთა საკითხებზე. ამისთვის კი უმჯობესია შეიქმნას სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს“,- აღნიშნავს თევზაძე.
თევზაძის განცხადებით, გაერთიანებული კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის“ აღნიშნავს , რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების ასამაღლებლად,აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და განსაკუთრებული როლი ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერების მიმართულებით, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.
„ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წელს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს წინსვლით და ნაკლები პრობლემებით შევხვდებით“,-აცხადებს თევზაძე.