მუნიციპალური განვითარების ფონდს ელგუჯა ხოკრიშვილი უხელმძღვანელებს. ახალ ხელმძღვანელს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრქუტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი წარუდგენს.
ხოკრიშვილი კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანიაა.
რამდენიმე კვირის წინ რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტროს მიერ შესწავლილი პროექტების ანალიზის შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობდა, რის გამოც ფონდის ხელმძღვანელს ლევან ჭიჭინაძეს თანამდებობის დატოვება მიმდინარე წლის ბოლომდე მოუწევდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჭიჭინაძე ფონდიდან წასვლას ისედაც გეგმავდა.
„საქმე ისაა, რომ სამინისტროს მიერ შესწავლილი პროექტების ანალიზის შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობს. ლევან ჭიჭინაძე თანამდებობის დატოვებას ისედაც აპირებდა, ის წლის ბოლოს მუნიციპალური განთვითარების ფონდიდან წასვლას გეგმავდა" - აღნიშნა ნარმანიამ.