საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ელჩების დამტკიცებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ელჩების დამტკიცების სანაცვლოდ, ციხიდან რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს.
„კონკრეტულად საუბარი არაფერზე არ ყოფილა. უბრალოდ საუბარი იყო იმაზე, რომ კოჰაბიტაცია ითვალისწინებს გარკვეულ დათმობებს ორივე მხრიდან და ამ კონტექსტში იყო ეს ნახსენები. კონკრეტული არაფერი არ თქმულა" - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ელჩების დამტკიცების სანაცვლოდ, ციხიდან რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს ელჩებთან დაკავშირებით განმეორებით ერთი თვის წინ მიმართა და „რეაქციაც ერთი თვის წინ უნდა მომხდარიყო".
„მე როგორც ვიცი, ელჩების დამტკიცება სანაცვლოდ მათ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს ციხიდან, სადაც მათი გუნდის რამდენიმე წევრი იხდის სასჯელს, თუ ელოდება პატიმრობას" - აღნიშნა პრემიერმა.