ამ დროისთვის მხოლოდ ერთადერთი ელჩი - კოტე გაბაშვილია გამოწვეული, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა განცხადება, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩების გამოწვევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, დანარჩენი ელჩები ჯერ გამოწვეული არ არიან. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, სია უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას გადაეცა, რომელსაც პირადად შეხვდა ნოემბრის დასაწყისში.
მინისტრის განცხადებით, ამ სიაში იყო რამდენიმე ელჩი, რომლებიც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალ მთავრობის აზრით, ისინი უნდა გამოიცვალონ. ფანჯიკიძის განცხადებით, მათ შორის არიან ისინიც, ვინც თვითონ თქვეს, რომ არ აპირებენ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის გამო მიზანშეწონილად მიაჩნიათ თანამდებობების დატოვება.
„ამაზე რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა. მე ვაშინგტონში გამგზავრებამდე მივმართე პრეზიდენტს წერილით, რომელშიც ვუთხარი რომ ეს სია გადაცემულია ბატონ ბოკერიასთვის და ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს, ეს ქმედებები ჯერ განხორციელებული არ არის" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ამასთან, მას არ დაუსახელებია ის ქვეყნები, სადაც საქართველოს ახალ მთავრობას სურს ელჩების გამოცვლა.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ელჩების დამტკიცების სანაცვლოდ ციხიდან რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს ელჩებთან დაკავშირებით განმეორებით ერთი თვის წინ მიმართა და „რეაქციაც ერთი თვის წინ უნდა მომხდარიყო".
„მე როგორც ვიცი, ელჩების დამტკიცება სანაცვლოდ მათ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს ციხიდან, სადაც მათი გუნდის რამდენიმე წევრი იხდის სასჯელს, თუ ელოდება პატიმრობას. ვინც დააშავა, მათ მოეკითხებათ. ელჩებს ამათთან ნუ დააკავშირებენ. მთავრობის ნორმალურ ფუნქციონირებას კრიმინალთან ნუ გააიგივებენ" - განაცხდა ივანიშვილმა.