ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაწყებამდე განაცხადა, რომ დადებითია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველო უფრო და უფრო ტრანსფარანტული ხდება.
დიმიტროვის განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ყველა სახის პრობლემა მსჯელობისთვის ღიაა.
ელჩი აღნიშნავს, რომ ციხეებთან დაკავშირებით შემაძრწუნებელი პრობლემა, რაც საქართველოს მოსახლეობამ სექტემბერში იხილა, სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო ასახული.
„როგორც ჩანს, ადამიანის უფლებების სფეროს მეტი ყურადღება სჭირდებოდა, თუმცა პოზიტიურია ის ფაქტი, რომ სექტემბრიდან ამ სფეროში მუშაობა ინტენსიური გახდა და საქართველო ამ მიმართულებიოთ პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა დიმიტროვმა.
ელჩმა კომენტარი ახალი სახალხო დამცველის შესახებაც გააკეთა.
„სახალხო დამცველის წინა ოფისმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მაღალი დონე შექმნა. ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დიმიტროვმა და აქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი სასიკეთო პროცესებს მხარს არამხოლოდ კარგი სიტყვებითა და განცხადებებით, არამედ კონკრეტული პროექტების განხორციელებით დაუჭერს.